მარნეულის სოფელ დაშტაფას მოსახლეობა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების მოთხოვნით დღეს, 8 თებერვალს ქუჩაში გამოვიდა. მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ანტისანიტარიაა, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არ დგას ნაგვის ყუთები, არ მიეწოდებათ სარწყავი წყალი, სოფლის მეურნეობა კი მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობას დღეს არავინ შეხვედრია.
"ყველა არჩევნების წინ მოდიან სოფელში, გვპირდებიან, რომ სარწყავი წლის პრობლემას მოაგვარებენ, თუმცა წლები გავიდა და დავრჩით ასე. სოფელში არც ნაგვის ურნები არსებობს და ამის გამო ანტისანიტარიაა. წელს ბევრმა გლეხმა მიწაც ვერ დაამუშავა, სოფელში არც ამბულატორია არსებობს, ეს სოფელი ისჯება იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მოსახლეობა ამბობს, რომ მარნეულის ბიუჯეტი 40 მილიონია თუმცა ამ სოფლისთვის ერთი თეთრიც არ იხარჯება. ისინი მზად არიან, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება აქციები გააგრძელონ.