
ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე, ჯოზეფ ბორელმა სერგეი ლავროვს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.
ბორელის განცხადებით, რუსეთის მთავრობა ევროკავშირთან ურთიერთობის გამოსწორებით დაინტერესებული არაა.
"მოსკოვში იმისთვის ჩავედი, რომ დიპლომატიური გზებით შემემოწმებინა, არის თუ არა რუსეთის მთავრობა დაინტერესებული ჩვენს შორის ურთიერთობების გამოსწორებით. ჩემს მიერ დანახული რეაქცია საპირისპიროზე მეტყველებს", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
საგარეო საქმეთა კომისრის თქმით, რუსეთს არ სურს კონსტრუქციული დიალოგი და ევროკავშირმა აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ბორელი ასევე აღნიშნავს, რომ რუსული მხარე განსაკუთრებით გაღიზიანდა, როდესაც ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის განთავისუფლება და მისი მოწამვლის საქმის სამართლიანი გამოძიება მოითხოვა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ევროკავშირს არასანდო პარტნიორი უწოდა.