
პოლიტსაბჭოს სხდომას გიორგი გახარია არ ესწრებოდა - ინფორმაცია მამუკა მდინარაძემ დაადასტურა- დღესაც არ იყო გიორგი გახარია პოლიტსაბჭოზე და ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა - ამბობს მამუკა მდინარაძე და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციებს "ქართულ ოცნებაში" არსებულ მწვავე დაპირისპირებების შესახებ.
მდინარაძე ამბობ,ს რომ მედია "ბინძურ სპეკულაციებს" და "ჭორებს" ავრცელებს.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს ჩანიშნა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მმართველ გუნდს სამთავრობო ცვლილებები უნდა განეხილა.
თუმცა, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ფრაქციის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიარეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და გააგრძელებენ მუშაობას. ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში საუბარია პარტია „გირჩზე“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ. ეს იყო როგორც საჯარო, ასევე პირად საუბრებშიც. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა საპარლამენტო პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი ხმების, ანუ მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან სამ პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იმავე საკითხთან დაკავშირებით, იზიარებენ თუ არა ისინი პარტია „გირჩის“ ამ პოზიციას და პირობას საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს მათი პოზიციაც ამ საკითხზე - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა "ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში"