
ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ტყვეობიდან დასახსნელად დაუყოვნებლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. მათი შეფასებით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება და დაკავება "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია, არ გააღიზიანოს რუსეთი.
"საქართველოს ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ის წარმოადგენს ქვეყანას, მისი ვალია არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვა, არამედ ქვეყნის ინტერესების და სახელის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ბატონი გახელაძე არის ტყვეობაში, ეს ტყვეობა არის უკანონო და ეს ტყვეობა უნდა დასრულდეს ეფექტური სპეცოპერაციის პოლიტიკური, თუ სხვა ფორმით", - ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი ჩალაძე.
"ლელოს" წერვი საბა ბუაძე ამბობს, რომ აუცილებელია დასავლეთის დედაქალაქებში გააქტიურდეს მუშაობა, რომ ზეწოლა რუსეთზე და საოკუპაციო რეჟიმზე იყოს ძლიერი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წერვი, სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ ერთადერთი ბერკეტი რაც ამ კუთხით საქართველოს აქვს არის აქტიური დიპლომატია, დასავლელი პარტნიორების მობილიზება და საერთაშორისო წნეხის შექმნა რუსეთზე.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მმართველი გუნდი და განსაკუთრებით საგარეო უწყება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს უნდა იყენებდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ოკუპანტების ტყვეობიდან ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას და სხვა დაკავებულების დროულად გასათავისუფლებლად.