შეიწირავს თუ არა გავლენებისთვის ბრძოლა ქართულ ოცნებაში, პრემიერის თანამდებობას - გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ, ინფორმაცია სულ უფრო აქტიურად ვრცელდება და მიზეზად, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირება სახელდება. შეცვლის თუ არა პარტიის თავმჯდომარე პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას, ეჭვები კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პოლიტ საბჭოს სხდომებს გიორგი გახარია აღარ ესწრება.
ქართულ ოცნების წევრები გუნდში არსებულ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ. კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრება გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომებს, ისინი აცხადებენ, რომ მას დატვირთული გრაფიკი აქვს.
"ეს არის სრული სისულელე, მიზანმიმართული ჭორები იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გააჩინონ ეჭვები, თითქოს ქართულ ოცნებაში, კონკრეტულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დაპირისპირებაა. პოლიტსაბჭოს შეიძლება ვიღაც დაესწროს, ვიღაც არ დაესწროს. არის ისეთი საკითხები, რომლებზეც არის სრული კონსენსუსი და შესაძლებელია ვიღაც ვერ მოვიდეს გარკვეული შეხვედრების ან გადაუდებელი ღონისძიებების გამო", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, ხმები იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდში არის დაპირისპირება, შესაძლოა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებიდან მოდიოდეს, რათა საზოგადოებამ იფიქროს, თითქოს ქართული ოცნების გუნდში კრიზისია.