
პროტესტი აჭარის მთავრობის სახლთან - აქციას ოპეთეკით დაზარალებულები, ავტობანისა და ჰესების მშენებლობის გამო კომპენსაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და თვითდასაქმებულები მართავენ. ისინი პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციაზე მყოფი "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები კი ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ, მართალია მთავრობამ კორპუსის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მასში მხოლოდ 600 ბინაა გათვალისწინებული.
"დღემდე არ ვიცით, რა კატეგორიის ოჯახები შევა პირველი 582 და თუ მრავალი ეტაპი უნდა აშენდეს, მაშინ გაგვიფორმონ ყველა ოჯახს ხელშეკრულება, თუ რომელ კატეგორიაში, რომელ წელს შევა ესა თუ ის ოჯახი, ორი წელია ველოდებით რეგისტრაციის შემდეგ და დღემდე პასუხი არაა", - ამბობს აქციის მონაწილე.
თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ მათთვის შემოსავლის მთავარი წყარო თურქეთში მუშაობა იყო, პანდემიის დროს კი დახმარება მხოლოდ ერთჯერადად მიიღეს.
"ერთჯერადად მივიღეთ 300 ლარი, მეტი არაფერი მიგვიღია, ვითხოვთ თვითდასაქმებულები, რომ ან გაგვიხსნან საზღვარი, წავიდეთ და ჩვენ საქმეს მივხედოთ, ან უმუშევრად დარჩენილი ხალხი დაასაქმონ", - ამბობს აქციის მონაწილე.
ბათუმში არსებულ "თავისუფლების კვარტალში" შეკრებილი პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემები არ მოგვარდება 15 თებერვლას მასშტაბურ აქციას გამართავენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.