ანტისემიტურმა განცხადებებმა უკვე საგანგაშო ხასიათი შეიძინა - TDI მეუფე საბაზე

გამოქვეყნდა:

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, საბას (გიგიბერია) 8 თებერვლის ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასულიერო პირების ანტისემიტურმა განცხადებებმა უკვე საგანგაშო ხასიათი შეიძინა.

ორგანიზაცია წერს, რომ მეუფე საბამ წარმოთქმული ქადაგებისას განაცხადა, რომ ის არ აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, საუბარი კი განაგრძო ისრაელში სოლომონის ტაძრის მშენებლობაზე, რაც, მისი თქმით, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებას ნიშნავს.

"სხვას არაფერს ვიტყვი, ამაზე საუბარს მოვასწრებთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ შემოთავაზებული ვაქცინაციის დროს. მე გეტყვით, რომ მე არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას და თქვენ როგორც ისურვებთ, ისე გააკეთეთ. სხვათაშორის ასეთი ინფორმაციაც მოვიდა. ჩვენ შევეცადეთ ამის დაზუსტებას და ნაწილობრივ მივიღეთ ცნობა, რომ ეს სიმართლეა. ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება. ამას ახლა მიხვდებით ბევრი, რომ შემთხვევით არ ვამბობ, რომ ეს მოვლენა დაკავშირებული არის ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებასთან. ასე რომ მოვასწროთ ბევრი კეთილი საქმე, სულიერი უფრო მეტი და მატერიალურიც. როგორც პატრიარქმა გვითხრა, ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის, ღვთის სიყვარულით, მოყვასის სიყვარულით და ჩვენც გადავრჩებით და ჩვენს ირგვილვ ათასები გადარჩებიან", - წარმოთქვა მან ქადაგებაზე.

TDI წერს, რომ ანტივაქსერული კამპანიის კონტექსტში, ეპისკოპოსი საბა იმეორებს ებრაელთა წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ კონსპირაციას, რომლის მიხედვითაც მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული სწორედ იუდაიზმის მიმდევართა მიერ სოლომონის ტაძრის აშენებას უკავშირდება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ იუდოფობია, იუდაიზმის მიმდევართა შიში და მათ მიმართ სიძულვილის ენა ანტისემიტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ეკლესიაში გახშირებულ ანტისემიტიზმთან დაკავშირებით და დაგმოს მსგავსი შინაარსის განცხადებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად დაგმონ ანტისემიტიზმი, ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები", - წერს ორგანიზაცია. 

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ დრომდე არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას გახშირებული ანტისემიტური განცხადებები არ შეუფასებიათ და დაუგმიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი