ვფიქრობ, დიდი იმედები უნდა დავამყაროთ როგორც ჯო ბაიდენზე, ასევე ტონი ბლინკენზე - ჰამილტონი

გამოქვეყნდა:

ბრიტანელი მკვლევარი დანიელ ჰამილტონი "დღის სტუმარში" იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსოფლიო დღის წესრიგში დააბრუნებს. 

ჰამილტონმა ამის დასტურად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება მოიყვანა, სადაც საქართველოს საკითხი იყო ნახსენები. 

"ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელია, რომ ერთ-ერთ პირველ საუბარში, რომელიც ტონი ბლინკენს ჰქონდა, ნახსენები იყო საქართველო. მან ნათლად განაცხადა ყველა საჯარო გამოსვლაში, რომ საქართველოს ხედავს ნატოსკენ მტკიცედ მიმავალ ქვეყნად.

რაც შეეხება აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა საუბარი და ამავე დროს ეჭვიც არ უნდა შევიტანოთ მის განზრახვებში. როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ბაიდენი ერთ-ერთი იყო, ვინც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა. 2008 წლის ომის დროსაც ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედები უნდა დავამყაროთ როგორც ჯო ბაიდენზე, ასევე სახელმწიფო მდივან ტონი ბლინკენზე", - აღნიშნა ჰამილტონმა. 

ბრიტანელი მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის კუთხით პროგრესი საგრძნობი არ იყო. 

"ვფიქრობ, ნათელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს ძალიან მცირე პროგრესი მოხდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. არანაირი სერიოზული ნაბიჯი არ გადაიდგა ამ მიმართულებით. არსებობდნენ სენატის ცალკეული წევრები, მაგალითად რენდ პოლი, რომლებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს წევრობას ნატოში და სწორედ მათ მიჰყავდათ დღის წესრიგი.

რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში რუსული ჯარების რაოდენობა გაიზარდა და აღარც თურქეთია დასავლეთის ისეთი საიმედო პარტნიორი, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ვაშინგტონმა ძალიან ნათლად გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ევროკავშირიც მხარს უჭერს თავის რიგებში თქვენი ქვეყნის ინტეგრაციას და ჩემი ქვეყანაც, დიდი ბრიტანეთიც, ყოველთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე იყო. ამიტომ, ვფიქრობ, არსებობს იმის საბაბი, რომ ოპტიმისტები ვიყოთ, - ამბობს ჰამილტონი.

შეკითხვაზე, გახდება თუ არა ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს მიმართ მეგობრული განცხადებებით ცნობილი ჯომას ჰენდრიკ ილვესი, ბრიტანელი მკვლევარი ამბობს, რომ ეს "ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის".

"ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის, თუ ის ნატოს გენერალური მდივანი გახდება. როდესაც ის ევროპარლამენტის წევრი იყო, ღიად უჭერდა მხარს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას და ემხრობოდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებასაც ევროკავშირში.

ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ ალიანსს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს და კარგად იცის, თუ რა სახის ზიანი მიაყენა რუსეთმა რეგიონს როგორც კიბერთავდასხმების მხრივ, ასევე საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის მხრივ", - თქვა მან "დღის სტუმარში".

გადაცემის წამყვანმა დანიელ ჰამილტონს იმ პოლიტიკური ფონის შესახებაც ჰკითხა, რომელიც თავისუფალ მედიაზე ზეწოლად აღიქმება, კერძოდ, დაინტერესდა, მაშინ, როცა "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა ციხეშია, ხოლო ხელისუფლებამ განაახლა სასამართლო პროცესები არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ, უნდა ველოდოთ თუ არა ამ საკითბზეც პარტნიორთა რეაქციას. შეკითხვაზე პასუხად ბრიტანელმა მკვლევარმა უპასუხა, რომ დამოუკიდებელი მედია საქართველოს მონაპოვარია და ამ კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 

"ნებისმიერი არხი, რა მიმართულებითაც უნდა იყოს, თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, მისი მფლობელები თავისუფალბი უნდა იყვნენ, ეს არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება პატივს სცემს", - თქვა ჰამილტონმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი