ქართული ოცნების მორიგი სკანდალი უკრაინის ხელისუფლებასთან და ისევ დამნაშავედ გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი.
თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩს იბარებენ. იგორ დოლგოვს ქართველმა დიპლომატებმა განუმარტეს, რომ მიუღებლად მიიჩნევენ მესამე პრეზიდენტის და ამჟამად უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს და შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ.
საგარეო უწყება ამჯერად მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებამ დააფრთხო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს აქტივისტებს, რომლებიც უარს ამბობენ 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა დიპლომატმაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის განცხადებები პრობლემებს ქმნის.
იგორ დოლგოვს უკვე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც შეახსენა ელჩს, რომ ამ წუთებშიც საქართველოში უკრაინის 2 მოქალაქეა უკანონო პატიმრობაში და მათ დასახსნელად უკრაინის საელჩო საქართველოში ბევრს არაფერს აკეთებს.