
დღეს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა.
მასში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმების მიღწევა მოკლე ვადაშია საჭირო, საპარლამენტო პროცესების ფუნქციონირების მიზნით.
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია"
ანგარიშზევე დაყრდნობით, ქვეყნის მთავარ გამოწვევებად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა რჩება.
"მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე"
დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ მხრივ მზადაა, ქვეყანას დაეხმაროს.
"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით"
სრულად ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.