სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას.
სუს-ის განცხადების მიხედვით, უკანონო დაკავებების არსებობა უკავშირდება არა სახელმწიფოს მიერ წარმოებულ პოლიტიკას, არამედ "2008 წლის შემდეგ დამდგარ ოკუპაციას".
სუს-ის განცხადებით, საზოგადოებაში არსებული ნარატივი, თითქოსდა სახელმწიფო მალავს გატაცებულთა სტატისტიკას, მცდარია. უწყების განცხადებითვე, ასევე მცდარია ნარატივი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო არაფერს აკეთებს უკანონოდ დაკავებულთა გასათავისუფლებლად.
სუს-ი აცხადებს, რომ მცდარი ნარატივის გავრცელება შედის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესში და "ამ ნარატივის გავრცელება პირის ან პირთა ჯგუფის გაუთვითცნობიერებლობაზე მიუთითებს".
მედიის შეკითხვაზე, კონკრეტულად ვის ან რა ჯგუფს გულისხმობს საოკუპაციო რეჟიმისთვის ხელსაყრელი ნარატივის გამვრცელებლებში, სუს-ის წარმომადგენელმა გიორგი საბედაშვილმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.