
აშშ-ის ახალ კონგრესში მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. დოკუმენტი მხარს უჭერს სქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა დარღვევაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
როგორც წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით.
ადამ კინზიგერის შეფასებით, რუსეთის მიერ ადამიანების ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისთვის.
„ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.
კონგრესმენ კონოლის თქმით, დოკუმენტი აშშ-საქართველოს პარტნიორობას განამტკიცებს.
”ვამაყობ, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც აძლიერებს აშშ-საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში.
კანონპროექტი მიუთითებს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული განვითარების გაგრძელებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის პირობებში“, - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოსთან პროგრესს უნდა მიაღწიოს.