ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის განცხადებით, დღეს სინოდმა იმსჯელა დავით გარეჯის საკითხზე და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვარის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე.
მისი თქმით, სინოდზე პირველ საკითხად სწორედ ეს თემა იყო გამოტანილი.
"საქართველოს საპატრიარქო და მგონია, რომ არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოზე კუთვნილობა და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია-მონასტრების ქრისტიანული, ქართული წარმოშობის შესახებ. სინდომა იმსჯელა ამის თაობაზე და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1956 წელს მოაწერა ორმა ქვეყანამ ხელი", - თქვა მეუფე დავითმა.
გარდა ამისა, მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქოს ტელევიზია დავით-გარეჯის თემაზე გადაცემათა ციკლს მოამზადებს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 11 თებერვლის სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. მღვდელმთავრებს ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა, რომლებმაც გარეჯის თემაზე, ვაქცინაციაზე და ზნეობრივ საკითხებზე იმსჯელეს.
დღეს, წინა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოში მღვდელმთავრები კვლავ შეიკრიბნენ.