„ გარკვეული სტრატეგიული ფანდია,“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ლევან ვასაძის და მეუფე პეტრეს პოლიტიკურ გეგმებს. ვოლსკის განცხადებით, ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის არა მოკავშირე, არამედ მთავარი სამიზნეა. მმართველი გუნდის წევრი დარწმუნებულია, რომ რადიკალური დაჯგუფების ლიდერის მხარდამჭერები ოპოზიციურ ძალებს შორის არიან.
„ისევე როგორც პეტრეს, ასევე, ლევან ვასაძეს არ აქვს სრული შესაძლებლობა და უფლება, რომ შექმნან პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სამიზნედ შერჩევას, რასაკვირველია, ეს მათი აზრით, აძლევს დამატებით საშუალებას, რომ გამოჩნდნენ საინფორმაციო ველზე. ეს გარკვეული სტრატეგიული ფანდია. ვასაძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ჩვენი ოპონენტები, მეორე მხრიდან ამბობენ, რომ ვასაძეს აქვს შანსი შექმნას რაღაც კოალიცია. ასე, რომ, მათ მხარდამჭერებიც ჰყავთ საინფორმაციო ველზე. ასე, რომ, ყველა თავისი პოპულარობის ამაღლებას ცდილობს და რასაკვირველია, მთავარი სამიზნე, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. სისულელეებს ყველა იტყვის, წინასაარჩევნო პერიოდია და მე გირჩევდით, რომ არ მოტყუვდეთ, არავითარ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს,“- განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მმართველ გუნდს მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტები აქვს, შესაბამისად „ოცნება“ სამომავლოდ მხოლოდ იმ ძალასთან თანამშრომლობას განიხილავს, რომელიც ამ პრინციპებს არ იქნება აცდენილი.
„ ყველაფერი გამოჩნდება 2020 წელს, როდესაც საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვის დაუჭერს მხარს და ვის - არა. რაც შეეხება პარტნიორობას, „ქართულ ოცნებას“ გააჩნია მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტები. თუკი, იქნება როდისმე რომელიმე სხვა ძალასთან პარტნიორობა, მხოლოდ ამ პრინციპების დაცვით შესაძლებელია იყოს ასეთი ძალა. თუკი ამ პრინციპებს რომელიმე პოლიტიკური ძალა არ დაიცავს და ვერ შეესაბამება, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“ ვერანაირი თანამშრომლობა ვერასდროს ვერ მოხდება,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.