ცხინვალის ციხეში, რამაზ ბეღელურის სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს - დავით ქაცარავა

გამოქვეყნდა:

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა "ფეისბუქზე" წერს, რომ ცხინვალის ციხეში, ოკუპანტთა უკანონო ტყვეობაში მყოფი რამაზ ბეღელურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს. ამასთან დაკავშირებით დავით ქაცარავა ხელისუფლების "ყველა შესაბამის სტრუქტურას", ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს.

"ამ წუთას გამოვედით გატაცებული რამაზ ბეღელურის ოჯახიდან, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც რამაზის დედამ გვითხრა, მისმა შვილმა 2 თვის წინ გადაიტანა ინსულტი, მეორე 1 წლის განმავლობაში.

მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესაძლებელია იყოს საფრთხის ქვეშ.

მივმართავთ ყველა შესაბამის სტრუქტურას, განსაკუთრებით კი წითელ ჯვარს - სასწრაფოდ გაარკვიეთ რამაზ ბეღელურის მდგომარეობა.

ვიმეორებ, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს", - წერს დავით ქაცარავა. 

შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 37 წლის რამაზ ბეღელური ოკუპანტებმა მისივე სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან 2021 წლის 3 თებერვალს გაიტაცეს და ამ დრომდე უკანონოდაა დაკავებული. ეს რუსი ოკუპანტების მხრიდან მისი მეორე უკანონო დაკავებაა.

ცხინვალის ციხეში, ბეღელურის გარდა, კიდევ სამი საქართველოს მოქალაქე - ლაშა ხეთერელი, გენადი ბესტაევი და ზაზა გახელაძე რჩებიან, ხოლო სოხუმის ციხეში სასჯელს ერთი მოქალაქე -ირაკლი ბებუა იხდის. 

აქვე გეტყვით, სწორედ დავით ქაცარავა და მის მიერ დაფუძნებული ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" არიან 13 თებერვალს სოფელ ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი მსვლელობა-აქციის ინიციატორები, რომელიც თბილისიდან დაიწყება და ზაზა გახელაძის გატაცების ადგილთან ახლოს, სხვილოს ციხესთან დასრულდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი