ისტორიის გადაწერის მცდელობა - ქუთაისისა და გაენათის ახლად დანიშნულმა წინამძღოლმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძე ევროპელმა სოციალ- დემოკრატებმა ევროპელების დაკვეთით მოკლეს. მსგავსი შინაარსის განცხადება საუკენეზე მეტია არ გაკეთებულა. ცნობილია ისიც, რომ მეუფე იოანე პრორუსული განცხადებებით გამორჩეული მღვდელმსახურია, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლოა, მეუფემ ამ ქმედებით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი.
ილია ჭავჭავაძე აწამეს? იცით ვინ მოკლა? უშიშროების სამსახურს მიმართეთ, მათ ფილმი გააკეთეს, გამოიძიეს, სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს და დაკვეთა იყო ევროპიდან, იმიტომ, რომ ისინი ებრძოდნენ პოლიტიკურ ელიტას მთელს იმპერიაში. 20 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე იყო მოკლული რევოლუციონერების მიერ, მათ შორის, ილიაც მოჰყვა ამ სიაში,“- განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა.
მეუფე იოანეს ამგვარ განცხადებას ისტორიკოსები ეხმაურებიან. მეუფეს განცხადება მათ უჩვეულოდ ეჩვენებათ, ვინაიდან მათივე განმარტებით, მსგავსი ფაქტი არცერთ ისტორიულ წყაროში არ მოიპოვება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მღვდელმთავრის მხრიდან ადგილი პოლიტიკურ მოტივებს ჰქონდა. მათი თქმით, სასულიერო პირის ეს განცხადება საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას საქართველოს საპატრიარქოში განათლების მიმართულება აბარია.
მე ალოგიკურად მიმაჩნია. არავითარი ლოგიკა ამაში არ ჯდება, ახლა რატომ თქვა ამ სასულიერო პირმა „ევროპელები“. ეტყობა, რაღაც მხრივ, ის მიჯაჭვული არის რუსეთს, იმიტომ, რომ მან განათლება მემგონი მანდ მიიღო, რუსული კარგად იცის და რადგან რუსული კარგად იცის, ამიტომ რუსული სამყარო მისთვის არის ძალიან თბილი. მემგონი, არ მინდა შეთქმულების თეორია გამოვიყენო და ვთქვა, რომ ის არის რაღაცა ჯგუფში, ან ვიღაცასთან არის ... არაფერი, ეს სამყარო მისთვის არის კარგი და ეს სამყაროს ყველანაირად იცავს თავის ჭკუით,“- განაცხადა ისტორიკოსმა, ლევან თაქთაქიშვილმა.
ამავე აზრს იზიარებს ილიას მუზეუმის დირექტორი, ანდრო ბედუკაძეც.
ევროპის დაკვეთით...ჩემთვის ძალიან უჩვეულოა ეს განცხადება. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება ალბათ არ ვიცი, მეუფეს რაიმე აქვს ამისი დამადასტურებელი საბუთი... ეს ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ, რომ ეს არის სიახლეა აბსოლუტურად, იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით, აი, ამგვარი განცხადება, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაკეთებულა, მოგეხსენებათ, უკვე ას წელზე მეტია გასული, საუკუნეზე მეტია,“- განაცხადა ანდრო ბედუკაძემ.
ამ რევოლუციურ განცხადებასთან დაკავშირებით მეუფე იოანეს განმარტებები აღარ გაუკეთებია. ის ჟურნალისტებთან კონტაქტს თავს არიდებს.