
შსს-ს ინფორმაციით, მარნეულში აზერ სულეიმანოვის სახლის გაქურდვის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ა.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან სხვადასხვა სახის ჭურჭელი და ლითონის ნივთები მოიპარა. ასევე დადგენილია, რომ ი.ჯ.-მ ამავე სახლის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტები 7 და 9 თებერვალსაც ჩაიდინა. გარდა ამისა, ირკვევა, რომ დაკავებულმა თებერვლის თვეში მარნეულში კიდევ სამი მოქალაქე გაქურდა, კერძოდ, ფ.ბ.-ს სამოვარი და ელექტროხელსაწყოები მოჰპარა, ბ.მ.-ის ავტოფარეხიდან ასევე ელექტროხელსაწყოები, ხოლო რ.ს.-ის სახლის ეზოდან ელექტროხელსაწყო და სპილენძის სადენი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს".- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, აზერ სულეიმანოვი "ოცნების" ხელისუფლების პირობებში თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.
ამავე თემაზე:
"მესამე დღეა, ზედიზედ მოდიან" - მარნეულში აზერ სულეიმანოვის სახლი გაქურდეს