მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ ოპოზიცია სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში ეკონომიკის გაჩერების სანაცვლოდ უფრო მეტ არგუმენტებს ითხოვენ. ისინი "ოცნების" ხელისუფლებისგან რეალური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას და კარანტინის პირობებში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად კონკრეტულ წინადადებებს ელიან.
ჩვენი მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება უპირობო. აუცილებლად უნდა წარადგინონ დოკუმენტი საგანგებო ზომების შესახებ, სადაც იქნება ასახული ყველა ის დახმარების პაკეტი, მათ შორის, ის ცვლილებები ბიუჯეტში, რომელიც უნდა წავიდეს თითოეულ ოჯახამდე, იმიტომ, რომ ხალხი არის მშიერი. 800 ათასი თვითდასაქმებული ზის სახლში, ამას დამატებული ადმინისტრაციული წესით საწარმოების დახურვა და ამას არ მოჰყოლია არავითარი შემხვედრი ნაბიჯი. ასევე, ბიზნესთან დაკავშირებით, საგადასახადო ცვლილებებია მისაღები და ანტიკრიზისული პაკეტის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს ფაქტობრივად ადამიანების ჩაკეტვას, გაწირვას სახლში შიმშილისათვის. ამიტომ, ჩვენ ველოდებით დაუყოვნებლივ ორივე დოკუმენტს ერთად,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯდომარემ, რომან გოცირიძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს მართავს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. მათი განცხადებით, თუკი ხელისუფლება არ წარადგენს ანტიკრიზისულ გეგმას, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აზრი აქვს.
მთავრობამ დღემდე ვერ მოახერხა ერთიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კორონავირუსთან ბრძოლის პრიორიტეტებიც და საზოგადოების ფუნქციონირების ახალ გარემოებებთან ადაპტირების კონკრეტული მიდგომებიც. საქართველოს მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებული ნაწილი დაგვრჩა ყველა უფრო უყურადღებოდ და პრობლემურ ვითარებაში. ეს ის ხალხია, ვისაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით პოულობდა ყოველდღიურ სარჩოს. ამ მიმართულებით მთავრობამ ვერ შესთავაზა საზოგადოებას ვერც მოკლევადიანი და ვერც გრძელვადიანი გამოსავალი,"- განაცხადა "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა.
მოითხოვს თუ არა საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ხელისუფლება დღეს ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.