ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გადაწყვეტილების უსამართლობაზე საუბრობს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

რაც თქვენ გაქვთ ნანახი კადრები, ქვენ კი არა, მთელ საქართველოს, იგივე გაიმეორა რამდენიმე პოლიციელმა, რომ იქ იყო და ხალხის მასა რომ გვაწვებოდა მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, სხვ არაფერი არც უთქვამთ არც წერია, აგერ ბრალდების დადგენილება მაქვს, რომ ვინმეს შეეხო ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად - არა, ან მისი მოწოდებით მისი მოწოდებით ვიღაცამ იძალადა ვიღაცაზე - არა. ეს მიტინგები როცა მიმდინარეობდა გასულ შემოდგომაზე, ათობით ადამიანი მოჰყავდათ ყოველდღიურად სასამართლოში და მაქსიმუმ ან აჯარიმებდნენ, ან ადმინისტრაციულ რამდენიმე დღიან პატიმრობას უფარდებდნენ ზუსტად იგივე , ანალოგიური ჭყლეტვის გამო. ვთლი, რომ აქ კანონი არაფერ შუაში არ იყო არც მისი დაკავების დროს და არც ახლა განაჩენის გამოტანის დროს. როცა პოლიტიკა უფრო წინ არის, ვიდრე სამართალი, ალბათ მერე სხვა გარემოებებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი,"- განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ოპოზიციაც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ მარტის თვეში დადებული შეთანხმება დაარღვია, რომლის საფუძველზეც ყველა პოლიტ პატიმრის გათავისუფლება უნდა მომხდარიყო.

ახლა ამათ ჰგონით, რომ რადგან პანდემია არის, ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაშ ასე არ ჩაივლის ეს. არც ოპოზიციის მხრიდან და არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების და საელჩოების ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებმაც ფაქტიურად თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ. გადაწყვიტონ როგორ... როგორც შეთითხნეს ეს საქმეები, ისე მონახონ ამ საქმეებიდან გამოსავალი. ასჯერ გვაქვს განცხადებული, თუ არ იქნება ყველა პოლიტპატიმარი გარეთ, არ იქნება შეთანხმება,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეც.

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი