პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - „ოცნებამ“ შესაძლოა მორიგი დაპირება არ შეასრულოს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ჩაგდების საფრთხემ სრულიად ოპოზიცია გააერთიანა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების ჩაგდებას შეეცდება, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ. ხელისუფლების ოპონენტები არც პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას გამორიცხავენ.
არ ვიცი რა იყო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლის მიზანი, ჩვენი მოკავშირეებისთვის ეჩვენებინათ რამდენად ძნელია იყო დემოკრატიული საქართველოში და დაპირება შეასრულო, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ რამდენად შიდა დემოკრატია აქვთ ე.წ. „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ შედეგი იქნება მარტივი: ან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მიიღებენ, რომელიც არ უნახავთ. თუ ვიღაცა ფიქრობს, რომ რადიკალურად გაუმჯობესებული მდგომარეობა ექნებათ იანვარში, თებერვალში და მარტში, იმისათვის, რომ გაზაფხულზე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, ეს ადამიანი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციის და საზოგადოების მხრიდან რადიკალური პროცესების დაწყებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერიც. დავით ბაქრაძე ხაზს უსვამს, რომ ქუჩაში გამოსვლის მომხრე არ არის, თუმცა თუ ხელისუფლება კანონპროექტს ჩააგდებს, მათ სხვა გზა აღარ დარჩებათ.
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადასვლა, მკვეთრად შეამცირებს პოლიტიკურ სივრცეს და პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციის და ქუჩის კალაპოტში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის „ევროპული საქართველოს“ განზრახვა და ჩვენი ამოცანაა სწორედ საარჩევნო სივრცეში და საარჩევნო გზით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, მაგრამ გადაწყვეტილება და ბურთი ახლა არის „ქართული ოცნების“ მხარეს და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ვიმეორებ, თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებას, მოქალაქეებს სხვა გზა არ დარჩებათ თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით,“- განაცხადა ბაქრაძემ.
ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ თუკი ივანიშვილს კანონპროექტის ჩაგდების სურვილი არ ექნება, ის ამას მოახერხებს.
ხელისუფლება ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას. არავინ არ დაიჯერებს ახლა იმას, რომ ცალკეული დეპუტატები, გნებავთ, ოქრიაშვილი, გნებავთ, ხუნდაძე ამას აკეთებენ დამოუკიდებლად. შეიძლება ეს მათ პირად ინტერესში შედის, მაგრამ ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, თუ ხელისუფლებას არ უნდა ჩაგდება და პირადად ივანიშვილს არ უნდა ჩაგდება ამ კანონის, მათ აქვთ რესურსი, რომ ამ დეპუტატებმა ვერ შეძლონ კანონპროექტის ჩაგდება,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დღევანდელ საერთო ოპოზიციურ შეხვედრას პირველად ესწრებოდნენ ორგანიზაცია „ლელოს“ წარმომადგენლები. კონსულტაციებს პირველად შეურთდა ეკა ბესელიაც. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაჟორიტარების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი კრიზისი მმართველი გუნდის მიერ მართული პროცესია.