საგანგებო მდგომარეობის ვადა რომ გაგრძელდება, პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს არ დაუმალავს. თარიღს ოფიციალურად არ ასახელებენ, თუმცა საყოველთაო კარანტინი, შეზღუდვებითა და კომენდანტის საათით ქვეყანაში სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებამდე იმოქმედებს. ვინ აიღებს პასუხიმგებლობას გაჩერებულ ეკონომიკაზე და მძიმე სოციალურ ფონზე, ეს დღეს პარლამენტში დებატების მთავარი თემა იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გადაწევაზე მათგან უპირობო მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა და კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ მოამზადა. საპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობას დღეს კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს დეტალურად წარუდგინოს უმუშევრების დახმარების და ბიზნეს სტიმულირების გეგმა.
მთავრობაში განმარტავენ, საგანგებო მდგომარეობის ვადა ეპიდემიის გავრცელების შესაბამისად გადაიწევა. გადამწყვეტი კი მომდევნო ორი კვირა იქნება.
ოპოზიციის შეფასებით კი საგანგებო მდგომარეობა უკვე შიმშილის მდგომარეობად გადაიქცა. ანტიკრიზისული გეგმის დროულად წარდგენა ხელისუფლების ოპონენტების მთავარი მოთხოვნაა.
საგანგებო მდგომარეობის ვადის გადაწევის მოთხოვნით მთავრობა პარლამენტს სავარაუდოდ მომავალ კვირას მიმართვას. სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის, სავარაუდოდ დეპუტატები 21 აპრილს შეიკრიბებიან.