
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ. სამოქალაქო აქტივისტებს მიტანილი აქვთ დაფა, რომელზეც "ქართული ოცნების" დეპუტატების ფოტოებია წარმოდგენილი. სამოქალაქო აქტივისტებმა მათ მესამე ხარისხის მედალი მიანიჭეს.
აქციაზე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები იმ ინსტრუქტაჟს ასრულებენ, რომელიც სერგეი გავრილოვმა გასცა.
"ეს არის ყველა მარიონეტი დეპუტატის მიმართ დაწერილი წერილები სერგეი გავრილოვისგან, მადლობის სახით, რომ ასე პირწმინდად ასრულებენ იმ ინსტრუქტაჟს, რომელიც გასცა ინტერვიუს დროს, როდესაც თქვა, რომ ის ითხოვს დაპატიმრებას იმ ადამიანების, რომლებმაც მშვიდობიანად გავაპროტესტეთ მისი აქ ჩამოსვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაბრძანება. მე ეჭვი მაქვს, რომ ქართველი მინი გავრილოვები შეასრულებენ მის დაკვეთას",-თქვა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ.