
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შესაძლო დაკავება რუსეთის დავალებაა. მისი თქმით, ამით ისინი ცდილობენ რუსეთის მიმართ პროტესტისთვის, საქართველოს მოქალაქეები დასაჯონ.
"დიახ - ეს არის გავრილოვის დავალება. დიახ - სულ ტყუილად არ უხდიდა იგი მადლობას გუშინ ქართული ოცნების ე.წ. დეპუტატებს. დიახ - ეს არის რუსეთის დავალება დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ, რომ საერთოდ არც ერთმა მოქალაქემ შემდეგ აღარ გაბედოს პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ",-თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ.