შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჭიათურაში "კვირას" ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო, ორი პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ", - წერია უწყების განცხადებაში.
პოლიციამ რ.ა. და გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.