
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში განსაკუთრებული მობილიზება დილის 6 საათზე დაიწყო. მესამე სამმართველოში, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს, პოლიციის ავტობუსები, პატრულ-ინსპექტორები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთის პარალელურად მიიყვანეს.
სამართალდამცველების მობილიზებას მთელი ღამის განმავლობაში ოფისიდან, თანამოაზრეებთან, ერთად აკვირდებოდა ნიკა მელია.
დილის 9 საათზე ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 20-მდე პატრულ-ინსპექტორი გამოჩნდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიციელები ნიკა მელიას მხარდამჭერებმა არ შეუშვეს.
პატრულ-ინსპექტორებთან განჩინების ჩასაბარებლად ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა, თუმცა სამართალდამცველებმა ვერც საპოლიციო ღონისძიების მიზანი განმარტეს და ვერც გადაწყვეტილება აღასრულეს.
შსს-მ ორი განცხადება გაავრცელა და ჯერ თქვა რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, აღკვეთილი იქნებოდა, რამდენიმე წუთში კი პოზიცია შეცვალა და ნიკა მელიას დაკავება გადადო, თუმცა რა ვადით, არავის უთქვამს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი