საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახური მეუფე პეტრეს ქონების შესწავლას იწყებს. ცოტა ხნის წინ თბილისიდან მარტვილში სპეციალური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც ამტკიცებს, რომ მეუფემ ადგილობრივების მიწები უკანონოდ მიითვისა, საპატრიარქოში საჩივრის წერილებია შესული და შესწავლა უნდა დაიწყოს.
„ზარები შემოვიდა ბევრი ადგილობრივებისგან,მ მიტაცებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. პრეტენზიები აქვთ ადგილობრივ ეპარქიის ადრინდელ მმართველთან... აქ იმისთვის ვართ, რომ გავარკვიოთ ზუსტად გადაფარვა იყო, მიზანმიმართული მიწის ნაკვეთის აღება იყო, მიტაცება იყო“, - განაცხადა ლევან მერაბიშვილმა.
ამ მძიმე ბრალდებას უკვე უპასუხა იღუმენია თამარმა. ის ამბობს, რომ მთელი ქონება, რაც ჭყონდიდის ეპარქიას ეკუთვნის საპატრიარქოს სახელზეა გაფორმებული და ამის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი.
„ყველაფერი აბსოლუტურად არის საპატრიარქოს სახელზე. ჟურნალისტებს გთხოვთ მოახდინოთ გამოძიება, საჯარო რეესტრიდან ამოიღოთ, მარტვილის და აბაშის რაიონებში რამდენი ქონება აქვს ეკლესიას. ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე. წლებია, ჩენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს, დაქირავებული ადამიანები ტელევიზია ობიექტივთან, რომელიც არაქართულია და მტერი თავის ქვეყნის, იქ მიდიოდნენ და აჟღერებდნენ ბრალდებებს, ამოიღეთ მეუფეს ქონება რა არის“, - ამბობს იღუმენია.
მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან 31 ოქტომბერს გადააყენეს. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე ჩავიდა მისი შემცვლელი მეუფე გრიგოლ კაცია.