თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი მომდევნო 10 დღის განმავლობაში ჩაიკეტა

გამოქვეყნდა:

4 დიდ ქალაქში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში  შეზღუდვები  10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საპატრულო პოლიცია და სამხედროები დგანან თბილისის ყველა შემოსასვლელთან. მგზავრებს უზომავენ სიცხეს და აფრთხილებენ, რომ უკან დაბრუნებას დღეიდან ვეღარ შეძლებენ.  ქვეყანა ეპიდემიის პიკს უახლოვდება. ამის გათვალისწინებით მოსახლეობა პრეტენზიებს დღეს ნაკლებად გამოხატავდა.

დღეს დილიდან გადატვირთული იყო მოძრაობა ყველა მთავარ გზაზე. დილიდან მანქანების ნაკადი არ წყდებოდა დასავლეთთან დამაკვშირებელი ავტობანის ორივე მხარეს, თბილისის ყველა  გასასვლელსა და  შემოსასვლელში.

პოლიცია აკონტროლებს ქუთაისის შესასვლელებსაც. ასეთი კი სულ 18-ია. ჩაიკეტა გზის ყველა ის მონაკვეთი, რომლითაც შესაძლებელია ბათუმში მოხვედრა.

ქალაქებს შორის მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად დღეს ხალხმრავლობა იყო ქუჩებში. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან სამი კვირის შემდეგ ხალხი ამბობს, რომ დაიღალა თვითიზოლაციაში ყოფნით. კარგ ამინდთან ერთად ადამიანები ქუჩებსა და სკვერებში ბავშვებთან ერთად გამოვიდნენ.

ქუჩებში ხალხმრავლობის ფონზე რამდენად დაიცავს მოსახლეობას საგანგებო წესების გამკაცრება კორონავირუსისგან, ჯერ პასუხი არავის აქვს.

მთავრობის 181-ე დადგენილებით დღეიდან 10 დღის განმავლობაში ოთხ ჩაკეტილ ქალაქში შესვლა შეეძლება მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადამიანებს, გამოსვლას შეძლებენ ისინი, ვინც იქ არ ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი