საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს საკომიტეტო ფორმატში უსმენენ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ მთავარი საკითხები, რაზეც ყურადღება იქნება გამახვილებული, ეს არის პანდემიასთან რძოლა და ეკონომიკური კრიზისი.
"სამთავრობო პროგრამა, რომელიც ძირითადად იგივე დატვირთვა აქვს, თვენახევრის წინ ჩვენ ახალი მოწვევის პარლამენტში დავამტკიცეთ, რა თქმა უნდა გარკვეული ცვლილებებით ახლაც წარმოდგენილია. ჩვენ კომიტეტებზე ძირითადი აქცენტი გვექნება: პანდემიის პირობებში, პოსტპანდემიური პერიოდის დროს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რა სიახლეები შეიძლებ შემოგვთავაზონ მინისტრებმა, ასევე პრემიერმინისტრი, რომელიც ახალი კადრია თავისთავად, ალბათ, გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს რეგულაციებთან მიმართებაში", - ამბობს ნინო წილოსანი.
საკანონდებლო ორგანო ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას დაჩქარებული წესით განიხილავს. ახალ მთავრობას თითქმის უცვლელი შემადგენლობით ერთპარტიულმა პარლამენტმა ნდობა 22 თებერვალს უნდა გამოცხადოს.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ორი ცვლილებაა - თავდაცვის სამინისტროს ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს, რომელიც მანამდე ღარიბაშვილის მოადგილე იყო, ხოლო მაია ცქიტიშვილს, რომელიც გიორგი გახარიას გაჰყვა და პოლიტიკიდანაც წავიდა, ასევე მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.