მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ BBC-სთან ინტერვიუში დააფიქსირა საკუთარი აზრი ვაქცინების გაჩუქებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უმჯობესია, ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს ახლავე აჩუქოს, მანამ, სანამ ჭარბი რაოდენობა დაუგროვდება.
მისი აზრით, ის ფაქტი, რომ ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, მდიდარი ქვეყნების ინტერესებში უნდა შედიოდეს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჭარბი მარაგის უმეტესობას ღარიბ ქვეყნებს გადასცემს.
ნგოზი ოკონჯო-ივეალამ BBC-ს რადიოს პროგრამაში განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა გადადება დაუშვებელია, ყველა დონაცია ახლა უნდა განხორციელდეს.
მიზეზი მარტივია და როგორც მდიდარი ქვეყნების, ისე ღარიბი ქვეყნების ინტერესებში უნდა შედიოდეს ის, რომ მათ ქონდეთ სამართლიანი წვდომა ვაქცინებზე, სხვა შემთხვევაში ყველა ქვეყანა და ადამიანი წაგებული დარჩება.
მან მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდა, რომ გასცენ მეტი ლიცენზია განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, უფრო მეტი დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი ღარიბ ქვეყნებშიც.
შეგახსენებთ, გუშინ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით თანამშრომლობას გააძლიერებენ. ასევე შეთანხმდნენ Covax-ის პროგრამისთვის დაფინანსების გაზრდაზეც.