ენმ-ის წევრი გიორგი ჩალაძე პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საჯარო ლექციის ჩატარებას აპირებს.
პოლიციის წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ კარვის გაშლა დროებით შეზღუდულია, თუმცა, კანონმდებლობა და შესაბამისი მუხლი, რის საფუძველზეც ხდებოდა შეზღუდვა, ვერ დაუსახელა.
როგორც სამართალდამცველებმა გიორგი ჩალაძეს უთხრეს, კარვის გაშლით ის მათ ხელს უშლის, ხოლო ჩალაძის კითხვაზე, თუ რაში უშლის ის ხელს პოლიციამ ასე უპასუხა: "ღონისძიება ტარდება ხვალ და დღეს არის მოსამზადებელი პერიოდი"
"არანაირი განმარტება, რატომ არ ეძლევა კარვის გაშლის უფლება საქართველოს მოქალაქეს, არ ყოფილა. მათ აქვთ ტერმინოლოგია - დამშვიდდით, დაწყნარდით. როგორც ხედავთ, აქ ნამდვილად დასაწყნარებელი არაფერი არ არის. მიზანმიმართულად ვთხოვეთ, არ მოსულიყვნენ აქტივისტები, რომ არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა.
ეს არის ერთი 60 სანტიმეტრიანი კარვის გაშლა, ეს არის პრინციპული დემონსტრაცია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება საქართველოში საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ვიცხოვროთ",-თქვა ჩალაძემ.
"საქართველოში კარვოფობია უნდა დასრულდეს", - თქვა გიორგი ჩალაძემ.
"ველოდები ჩემს მეგობრებს, მოვიდნენ და ჩავატაროთ საჯარო ლექციები, მათ შორის, პოლიციის უფლებამოსილების შესახებ", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ, რომელმაც კარავი ვერ გაშალა, მაგრამ ტროტუარზე გაფინა და კიდეები წყლის ბოთლებით დაამაგრა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩალაძემ პარლამენტის წინ გასვლა "დღის სტუმარში" დაანონსა.
აქვე გეტყვით, რომ პარლამენტის წინ კარვის გაშლის მცდელობისას გუშინ, 19 თებერვალს, პოლიციამ 25 სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.