
ღარიბაშვილის ახალი გუნდის ძველ მინისტრებს 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით ნათია თურნავას, ირაკლი ქარსელაძეს, ლევან დავითაშვილს და ივანე მაჭავარიანს სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს.
პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა.
ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გახარიას და მმართველი გუნდის რომელიმე წარმომადგენელს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა, ეს მხოლოდ მელიას საქმის აღსრულებასთან იყო დაკავშირებული. ასევე მან აღნიშნა, რომ მინისტრების რაოდენობას არ აქვს მნოშვნელობა, მთავარი ის პოლიტიკური კურსია, რომელსაც "ქართული ოცნება" მიჰყვება.
ივანე მაჭავარიანის გარდა, არც ერთ მინისტრს არ გაუკეთებია კომენტარი მედიასთან.
ბატონი გიორგი გახარიას, ისევე როგორც ქალბატონი მაია ცქიტიშვილის როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლებაში. თუმცა ქვეყანა ფასდება იმით, თუ რა კურსი და რეფორმებია, - თქვა მაჭავარიანმა.
მინისტრთა კააბინეტის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ხელისუფლება აუცილებლად მიიჩნევს, რადგან კორონავირუსით გამოწვეული ვითარება მალევე უნდა აღმოიფხვრას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრების კანდიდატების ანგარიშს მოისმენენ.