როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ - დავით ბაქრაძემ შეთანხმებული ოთხი პუნქტი დაასახელა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთავარი არხის გადაცემაში "დღის სტუმარი" ოპოზიციის მომავალ გეგმებზე ისაუბრა და ის 4 ძირითადი პუნქტი დაასახელა, რომელზეც ოპოზიცია, ძირითადად, შეთანხმებულია და ამ მიმართულებით მუშაობს.

როგორც დავით ბაქრაძემ გადაცემაში აღნიშნა, მთავარი სასამართლო სისტემის რეფორმა, კოალიციური მთავრობის პრინციპებზე შეთანხმება, პოლიტიკური ამნისტიციის გეგმის შემუშავება და საჯარო მოხელეების მიმართ ხელშეუებლობაზე შეთანხმებაა.

"ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რა არის მისი პირველი 100 დღის გეგმა, კონკრეტული სასამართლო რეფორმის. სასამართლო რეფორმა არ უნდა იყოს 5 და 10 წლიანი. პირველ 100 დღეში ოპოზიციამ უნდა თქვას, ჩამომყავს უცხოელი მოსამართლეები, ვიწყებ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ამოქმედებას, ვიწყებ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომ ის მოსამართლეები, ვინც ისე იქცეოდა, როგორც გუშინ ამ პროცესის მოსამართლე იძულებული გავხადოთ, რომ სისტემას ჩამოვაშოროთ.

პირველ 100 დღეში უნდა დაიდოს კონკრეტული შედეგი და 3 თვის თავზე შეიძლება არ ჰყავდეს ბოლომდე თავისუფალი, მაგრამ უნდა ჰქონდეს გამოკვეთილად უკეთესი სასამართლო. იმიტომ, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა არის საფუძველი ყველაფრის.

მეორე რაც უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ეს არის, მონახაზი მომავალი კოალიციური მთავრობის. უნდა შეძლოს ოპოზიციამ და გააკეთოს მონახაზი პრინციპების. პრინციპების დონეზე გავწეროთ კოალიციური მთავრობა, რომ ვაჩვენოთ, ოპოზიცია ერთად იმუშავებს ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მესამე რაც უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ოპოზიციამ, ეს არის პოლიტიკური ამნისტიციის პროექტი, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, ის მისი პოლიტიკური შეხედულების გამო არ დაისჯება.

მეოთხე და ბოლო, ეს არის, ცალკე პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციის საჯარო მოხელეების შესახებ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, გარდა იმისა, ვისაც პირდაპირი ღია დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ მოხდება ადამიანების სამსახურიდან გაყრა და ახალი დროშიანი ადამიანების სამსახურში მოსვლა. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება არ იქნება."-თქვა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი