ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დადებული გარიგებას სახალხო დამცველი კრიტიკულად ეხმაურება. ომბუდსმენი მთავრობის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მრევლი კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგიაზე ტაძრებში მისვლას შეძლებს. ეკლესიებში მორწმუნეებს შორის დისტანციას პატრულისა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები გააკონტროლებენ.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხელისუფლების შერჩევით მიდგომას სახიფათო თამაშს უწოდებს და ამბობს, რომ უკონტროლო შეკრება მძიმე შედეგს მოიტანს.
მთავრობამ კი დღეს პასუხისმგებლობა სრულად მოისხნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები იცავდნენ საპატრიაქოსაც და ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამაც და სასულიერო პირებმაც ყველაფერი გააკეთეს, ახლა კი ჯერი მოქალაქეებზეა.
ტაძრებში 9 საათის განმავლობაში გაჩერება ღია თუ დახურულ სივრცეში რომ რისკია, ამაზე განცხადება დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ირკვევა, რომ მთავრობისა და საპატრიარქოს გარიგების მიუხედავად, დამატებითი მოლაპარაკებები სასულიერო პირებთან ახლაც მიმდინარეობს, რომ წირვა ონალაინ რეჟიმში ჩატარდეს და მრევლმა ღვთისმსახურება სახლში მოისმინოს.
ოპოზიციის შეფასებით, საპატრიარქოსთან პოლიტიკური თამაშის გამო, მთავრობამ მოქალაქეები გაწირა. ოპოზიციის თქმით, მსგავს გარიგებაზე სამართლებრივი ვალდებულება „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, მორალურ პასუხისმგებლობას კი საპატრიარქო ვერ გაექცევა.
რადგან ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ მოქალაქეებზე გადაიტანა, დღეს მესამე სექტორის და სახალხო დამცველის მთავარი მოწოდება იყო - ყველამ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს მოუსმინოს და აღდგომის დღეები სახლში გაატაროს.