
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, "მთავარი" 21 თებერვლიდან ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ანექსიის დღიურს, რომელიც ასი წლის წინანდელი რუსული აგრესიის დღეებს გააცოცხლებს. მასალებში მოყვანილი ამბები დაფუძნებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დროს გამომავალ გაზეთ "ერთობის" სტატიებზე. ასევე, შემოგთავაზებთ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იმ მიმოწერის შინაარსსა და ციტატებს, რაც საქართველოს მთავრობისა და ბოლშევიკური რუსეთის წარმომადგენლებს შორის დეპეშების სახით იგზავნებოდა და ისტორიამ შემოინახა. მათ შორის ცნობილი და საინტერესოა ეთნიკურად ქართველ კრემლის მსახურებს შორის მიმოწერის შინაარსი.
1921 წლის 21 თებერვალს თბილისის შემოგარენში უკვე გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. როგორც გაზეთ "ერთობის" მასალებიდან ირკვევა, 20-21 თებერვალი კოჯორზე ორი იერიშით აღინიშნა, რაც მტრის მხარეს დამატებითი მაშველი ძალის მიღებით იყო განპირობებული.
"ორივეჯერ მოვიდნენ მტრის რაზმები ჩვენ სანგრებამდე. მტრის პირველი შემოტევა მოვიგერიეთ ხელისასროლი ყუმბარებით, მეორე შემოტევა კი – ხიშტით ბრძოლამდე მივიდა. მიუხედავათ ჩვენი ჯარების მეტისმეტი დაღლილობისა, მთელი ღამის სასტიკი ბრძოლის გამო, ჩვენი ჯარები ორჯერ გადავიდნენ კონტრ-შეტევაზე და მამაცი თავდასხმით უკუ-აგდეს მტერი.
შემდეგში მტრის ყოველგვარი ცდა შემოტევისა მოგერიებული იქნა ჩვენების სროლით.
21 თებერვალს დილის 8 საათზე ჩვენი ძალების მიწოლის შემდეგ მტერმა დაიწყო უკან დახევა.
ღამის ბრძოლის დროს წამოვიყვანეთ ტყვეები, მათ შორის პოლიტკომი.
სოღანლუღის დასავლეთის რაიონში ჩვენმა რაზმმა ხელთ იგდო მტრის ყუმბარების ყუთი ყუმბარებით.
შავი ზღვის პირის მიმართულებით 20 თებერვალს აღმოჩენილ იქნა მტრის შემოტევა ადლერის მხრიდან. საფრანგეთის ესკადრა ჩვენ ტერიტორიის დაცვის საქმეში დახმარებას გვიწევს: ზარბაზნებიდან ესვრის ბალშევიკთა ჯარების ფრთას.
დანარჩენ მიმართულებებზე ცვლილებები არ მომხდარა",
გაზეთი "ერთობა", 1921, 21 თებერვალი.
დეპეშების ქრონიკა:
ჟორდანია – ჩიჩერინს: "რას ითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოც დაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება.”
რუსეთის საგარეო საქმეთა კომისართან გაგზავნილი ეს დეპეშა უპასუხოდ დარჩა.
მოამზადა ლაშა ბერულავამ