კათოლიკოს–პატრიარქი საუკუნოვან ტრადიციას არღვევს. პატრიარქმა დიდ ხუთშაბათს ფეხთბანვის წესი არ აღასრულა. სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სინოდის წევრები 2-ჯერ უთხრეს, რომ რიტუალი არ შეესრულებინა, ილია მეორე წირვის ბოლოს დაითანხმეს.
პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი დღეს ყველაზე უფრო აქტიური იყო. ის სინოდის ერთადერთი წევრი აღმოჩნდა, რომელმაც აღდგომის ღამის მსახურებაზე ყველაფერი მოყვა. მეუფე იაკობი თვლის, რომ მრევლმა საკუთარი გონებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ინფიცირების გაზრდილი რისკების პარალელურად მივა თუ არა ღამისთევის მსახურებაზე. ბოდბელი მიტროპოლიტი დღეს ინფექციონისტებსაც დაუპირისპირდა და დაავადებული ადამიანების რიცხვის სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.
ერთმანეთის მიყოლებით სინოდში დღე ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კეთდებოდა. ეკლესიის უმაღლესი ორგანოს წევრთა დიდ ნაწილს მრევლის გარეშე აღდგომის ღამის მსახურება ვერ წარმოუდგენია. უიშვიათესი გამონაკლისი აღმოჩნდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი. საკუთარ ეპარქიაში მღვდელმთავრის გადაწყვეტილებით საზეიმო წირვა მონასტერში მრევლის გარეშე აღევლინება. მორწმუნეებს კი ღვთისმსახურებაში მონაწილეობა კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დილით შეეძლება.
მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო. მღვდელმთავარი ფიქრობს, რომ ეს ილია მეორეს გადაწყვეტილება არ არის და ის მხოლოდ მისი სამდივნოს პოზიციაა, რომელიც მისთვის ნაკლებად საყურადღებოა.
აღდგომის ღამის წირვა მრევლისთვის არ ჩატარდება ბათუმშიც, სამღვდელოება საუფლო დღესასწაულს მონასტერში აღნიშნავს, გადაწყვეტილება ეპარქიის წინამძღვარმა ილია მეორესთან შეთანხმებით მიიღო. მეუფე დიმიტრიმ საკუთარი ბიძა დაარწმუნა, რომ კანონის დარღვევას ეპარქიაში არ დაუშვებდა. მრევლისთის ტაძარი დილის 9 საათიდან გაიხსნება.
ვინ აიღებს პასუხიმგებლობას თუკი აღდგომის ღამეს ტაძარში მისულ მრევლს კანონდარღვევის გამო დააჯარიმებენ, ამაზე პასუხი სასულიერო პირებს არ აქვთ. მთავარი კი ის არის, რომ მღვდელმთავართა უმეტესობა ეკლესიაში შეკრებით დაავადების გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავს, მთავარ ხსნად სასულიერო დასს დისტანციის დაცვა მიაჩნიათ.
მრევლი დღეს ქვეყნის პატრიარქის პოზიციას ელოდებოდა, ილია მეორემ დიდი ხუთშაბათის საზეიმო წირვის შემდეგ იქადაგა, მაგრამ არცერთი სიტყვა არ უთქვამს კოვიდ 19-ის საფრთხეებთან დაკავშირებით. ილია მეორემ მხოლოდ ის თქვა, რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება.
აღდგომამდე 2 დღეა დარჩენილი, მრევლი კი საზეიმო წირვისთვის ემზადება. დაავადებულთა რაოდენობა კი, რომელიც ახალ რეკორდებს ამყარებს, ყოველდღიურად იცვლება.