
საქართველოში აშშ-ის საელჩო, ბოლო წლებში პირველად, საქართველოში მიმდინარე პროცესს მოიხსენიებს, როგორც "პოლიტიკურ კრიზისს" და მისი განმუხტვის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს, 21 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც დიპლომატიური უწყება საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
"მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებს არაერთხელ გამოეხმაურნენ როგორც აშშ-ის საელჩო, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები.