თუ ესკალაცია გაგრძელდა, ამის საფასურს საქართველოს ხელისუფლება გადაიხდის - ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კიდევ ერთი მწვავე გზავნილი ქართველ პოლიტიკოსებს. ჟიგიმანტას პავილიონისი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რო პოლიტიკური შედეგები ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე იქნება.
"ვხედავ, პოზიტიურ სიგნალებს ოპოზიციიდან და იმედი მაქვს, მთავრობიდანაც წამოვა ანალოგიური სიგნალები. ვშიშობ, ესკალაცია ძალიან შორს წავიდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა ახლა, ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვილაპარაკებთ, თუ დავინახავთ, საქართველოს მთავრობა ოპოზიციის იზოლაციისაკენ წავიდა. თუ ესკალაცია გაგრძელდა ამის საფასურის გადახდა მთავრობას მოუწევს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასე შორს არ წავალთ - ამბობს პავილიონისი
მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით, საქართველო ევროატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება. ლიეტუველი დეპუტატი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზეც საუბრობს:
არ გქონდეთ იმედი, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნით ნატოსა და ევროკავშირში შეხვალთ, ეს არ მოხდება არასდროს. თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები ახლა გინდათ, მომავალიც დაკარგოთ?! გაერთიანდით, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარ საფასურს გადაიხდით. ამერიკა ევროკავშირისგან დამოუკიდებელი ქვეყანაა და საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს. ბევრი რამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველფერი შესაძლებელია და ვფიქრობ, შეიძლება ამერიკა პირველი იყოს სანქციების დაწესების საკითხში",-ამბობს პავილიონისი.
ლიეტუველმა დეპუტატმა თბილისში ვიზიტი დაასრულა. მან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკოსების შემდეგ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილა