„ბაჩანა შენგელია საქართველოს წინააღმდეგ" - ია კერზაიას შვილი სტრასბურგში ჩივის

გამოქვეყნდა:

„ბაჩანა შენგელია საქართველოს წინააღმდეგ" - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი სტრასბურგში მიდის.

შენგელიას თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო ერთადერთი გამოსავალია მას შემდეგ, რაც სამართალი საქართველოში ვერ იპოვა და ყველა საგამოძიებო უწყებამ ია კერზაიას რეპრესიის ფაქტზე თვალის დახუჭვა გადაწყვიტა. 

სტრასბურგის სასამართლოს 2-თვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ამ სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელოს.

კერზაიას გარდაცვალებიდან უკვე ერთი წელი გავიდა, თუმცა, ბაჩანა შენგელიას თქმით, საქმე კვლავ გამოუძიებელია.

„ჩვენ არცერთი დოკუმენტის ასლი არ მოგვცეს, არცერთი ჩვენი შუამდგომლობა არ განუხილავთ, პრაქტიკულად, გარედან მოპოვებული, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, სახალხო დამცველის დახმარებით მოპოვებული დოკუმენტაციით შეგვექმნა ეს სარჩელი. ბუნებრივია, ეს ართულებს ამ ბრძოლის გზას, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო დაინახავს იმ უპრეცენდენტო ზეწოლას, რაც იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ძალადობას, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. ამ საქმეს ჰყავს დამნაშავე გიორგი გახარია და ჰყავს დამნაშავე ასევე მიხეილ ბატიაშვილი. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირები არიან დანაშაულში მხილებულები და ეჭვმიტანილი, ეს ადამიანები, ბუნებრივია, ყველა ძალას მიმართავენ, რომ არ დადგეს სამართალი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა შენგელიამ.

ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და სკოლაში დაწყებულ პროცესებს სწორედ დირექტორის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი