
უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით გარეჯის საქმეზე მადლობა გადაუხადა.
როგორც მათიკაშვილმა სხდომაზე თქვა, ღარიბაშვილის მიერ "გაწეულმა ღვაწლმა" დაამტკიცა, რომ დავით გარეჯის სამონასტრი კომპლექსი საქართველოს საზღვრებშია მოქცეული.
"პირველ რიგში, გულწრფელი მადლობით მინდა დავიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება თანაზიარი ამ ემოციის, რადგანაც ამ მადლიერებას არ გააჩნია პარტიული კუთვნილება და ის საერთო ეროვნული ინტერესების განხორციელებისთვის შესრულებული საქმისთვის არის გაღებული. ჩვენ, ბატონებო, ათწლეულების მანძილზე გვარწმუნებდნენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი არ იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული და ჩვენ ამას უნდა შევგუებოდით.
თქვენს მიერ განხორციელებულმა შრომამ, გაწეულმა ღვაწლმა დაამტკიცა საპირისპირო და ამის მტკიცება და დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს", - თქვა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.