„ივანიშვილის მცდელობაა, დაანგრიოს ეკლესია“... „ხელისუფლება არის უტვინო, ულოგიკო და უსინდოსო“  - ოპოზიცია ხელისუფლების ბრალდებებზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის მცდელობაა, დაანგრიოს ეკლესია და მიწასთან გაასწოროს საქართველოში ბოლო დრომდე ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია  - ამ სიტყვებით აფასებენ პოლიტიკოსები საპატრიარქოში განვითარებულ პროცესებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მათ მიმართ ხელისუფლების წევრების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს არალოგიკურად მიიჩნევენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ ივანიშვილი დგას ეკლესიაში არსებული განხეთქილების უკან და არა ოპოზიცია.

მათივე თქმით, საზოგადოება აუცილებლად მიიღებს კითხვაზე პასუხს, იგეგმებოდა თუ არა პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პატრიარქსა და საპატრიარქოზე შეტევას ოლიგარქი ახორციელებს.

„ქვეყნის დანგრევის პროცესი უკვე დაწყებულია ბოლო რამდენიმე წელია, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. დანგრევაში ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტიტუტების მითვისებას, ახლა მიდის სერიოზული შეტევა საპატრიარქოზე, პატრიარქზე, იმისთვის, რომ ყველაზე ნდობით აღჭურვილი ინსტიტუცია მოაქციონ თავისი ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხელისუფლების ბრალდებას, რომ მეუფე იაკობის განცხადებები ოპოზიციას აწყობდა, ამ ფონზე, რატომ წამოიწია წინა პლანზე მეუფე პეტრეს სკანდალურმა განცხადებებმა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მოითხოვს გიგი უგულავა.

„ხელისუფლება არის უტვინო, ულოგიკო და უსინდოსო, ამასთან ერთად იმდენად უსუსურია და იმდენად სასოწარკვეთილია, რომ შეიძლება ის ძალიან მტკივნეული და ძალიან სახიფათო პროცესი, რაც ეკლესიაში მიდის, ისევ ამ ნაცად, უკვე გაცვეთილ, გაუბედურებულ დისკურს, ნაც-ქოცური, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება იბრძვის, ამას შეტენონ. უტვინოც არ უნდა იყო, სასოწარკვეთილება უკვე სახიფათო ხდება ხელისუფლების“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ხელისუფლებას ბრალდებების გამო მწვავედ აკრიტიკებს დავით ბერძენიშვილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მთავრობის წევრები უსუსურ განცხადებებს აკეთებენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები კი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაზე საუბრობენ. გიორგი ლომია არ გამორიცხავს, რომ სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდეს.

ოპოზიციის მწვავე კრიტიკა არჩილ თალაკვაძის დღევანდელმა განცხადებებმა გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროცესების უკან ის ადამიანები იდგნენ, ვინც პარლამენტზე შტურმის მიტანას ცდილობდნენ. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას და ოპოზიციის მოთხოვნას, რომ დაიწყოს გამოძიება, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მეუფის მიერ დასახელებულმა სამივე პირმა უარყო შეხვედრაზე ყოფნა, სადაც პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება იგეგმებოდა. აქედან გამომდინარე, თალაკვაძე გამოძიების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი