
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ცნობილი დამნაშავეა და მისი პოსტი ინდულგენცია ვერ იქნება. ამ თემაზე მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.
"საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც არის უკვე დამნაშავე, სასამართლომ ის გამოაცხადა დამნაშავედ, კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც 1 თუ 2 თვის წინ მოგვევლინა ჩვენ პარტიის თავმჯდომარედ, რომელი პარტიის?! რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ. [...] ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავჯდომარეობა, ჩვენ ვერ გავცემთ ინდულგენციებს და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს და რა თქმა უნდა, ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, არ სიამოვნებს როცა ამ თემაზე ამდენი საუბარი უწევს, თუმცა განმარტებებს უცხოელი მეგობრებისთვის აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები მე-6 დღეა შეკრებილები არიან. ისინი ამბობენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემს.