პირველი ღია წერილი ევროპის ერთერთი წამყვანი პარტიისგან, (ALDE) ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცებამდე მიიღო.
ჰანს ვან ბაალენი ღია წერილს აგზავნის და "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებაზე და მოამზადოს მოლაპარაკებები ახალი არჩევნების თარიღის დასათქმელად.
ALDE-ს პრეზიდენტი წერს, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის ჩამოსვლამდე უნდა დაიწყოს. მიშელის ვიზიტი ქვეყანაში მარტის დასაწყისში იგეგმება.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა გასულ პარასკევს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოსტ-საარჩევნო კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს მონაწილეობას და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, და არა სადამსჯელო სამართლებრივი ზომების გატარებას ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
მე ლიბერალი ვარ და ვარ საქართველოს მეგობარი.
როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებული ხმა ისმის და პოლიტიკური უთანხმოებები გვარდება პარლამენტში, და არა ოპოზიციონერების თვითნებური დაკავების შედეგად სასამართლოების მეშვეობით.
ახლა დეესკალაციის და დიალოგის და არა ბრალდებების დროა.
მომავალ კვირას ევროკავშირის ლიბერალური საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის ვიზიტის წინ, მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას განაახლონ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და და ერთად იმუშაონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის თარიღის დასადგენად.- წერს ALDE-ს პრეზიდენტი ღია წერილში
ასეთი განცხადებები გახშირდება - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ხათუნა სამნიძე, წერილის კომენტირებისას.
სწორედ "რესპუბლიკური პარტიაა" საქართველოდან ევროპელი და მსოფლიო ლიბერალების გაერთიანების წევრი და როგორც სამნიძე ამბობს, ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან თავიანთ პარტნიორებთან.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კი საქართველოდან უმძიმესი შთაბეჭდილებებით წავიდა და ხელისუფლებას დაუტოვა მკაფიო გზავნილები - არ დაადგეს იმ გზას, რომელიც ქვეყანას ევროატლანტიკური სივრცისკენ კარს საბოლოოდ ჩაუკეტავს.
ჟიგმანტას პავილიონისს, რომელმაც ოპოზიციის ლიდერის დაჭერის შემთხვევაში სანქციები დააანონსა, "ოცნების" ხელისუფლებამ ტონი დაუწუნა.
"საქართველოსთვის, მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობისთვის ეს არც ისე დამაიმედებლად ჟღერს. ახალი პრემიერმინისტრი. ძველი კონფრონტაცია" - წერს "ტვიტერზე" ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი.
საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიზაციის გზას არ უნდა გადაუხვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანას ძვრად დაუჯდება და ადვილად მოიძებნებიან სკეპტიკოსები, რომლებიც უარს იტყვიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე - ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენრიკ ილვესი.