"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მათ 2-3 საათის განავმლობაში მელიასთან კომუნიკაციის საშუალება არ ეძლეოდათ.
მელია რუსთავის 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში ადვოკატები მის სანახავად ნებართვის აღებას ელოდებიან.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, სამართლებრივ მექანიზმებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ეს სიგიჟე დამთავრდეს. რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებას, მას თავისუფლებას დაკავებით და დაპატიმრებით ვერავინ ვერ შეუზღუდავს. ის ბევრად უფრო თავისუფალია საკანში, ვიდრე ბევრი ვითომდა თავისუფალი ადამიანი გარეთ.
ჩვენ 2-3 საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის, საერთოდ არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა კონტაქტზე არ გამოდიოდა. ახლა ვართ რუსთავის 12-ე დაწესებულებასთან, ველოდებით ნებართვის აღებას, რომ შევხვდეთ. შევხვდებით ნიკას და გაცნობებთ მის პოზიციას და შემდგომ ნაბიჯებს", - თქვა გიორგი კონდახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.