
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.
აპატურაის განცხადებით, NATO ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული სტანდარტები.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა, შეინარჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომელთა მიღწევისა და შენარჩუნებისთვის ბევრი იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პარალიზების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას", - წერს ჯეიმს აპატურაი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.