
პარტია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის თქმით, ის რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევისას არავინ დაშავებულა ნიკა მელიას დამსახურებაა.
ბიწაძის თქმით, "უსინდისობაა, როცა ღარიბაშვილმა და გომელაურმა მიიწერეს, რომ შტურმის დროს არავინ დაშავებულა".
"100%-იანი დამსახურებაა ნიკა მელიასი, რომ დღეს არავინ არ დაშავებულა და დღეს ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უზადო ოპერაცია ჩავატარეთ და არავინ არ დაშავებულაო. ის, რომ არავინ დღეს არ დაშავდა და დაზარალებულები არ არიან, არის იმ შეკრების დამსახურება, რომელიც ნიკა მელიამ ჩაატარა გუშინ გვიან ღამით თავის კოლეგებთან ერთად, როდესაც ვისუბრეთ და ნიკამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ თავის კოლეგებს, თავის აქტივისტებს, ყველას სთხოვა, რომ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ მშვიდად უნდა დახვედროდნენ მოსულ სამართალდამცველებს.
ეს არის მისი დამსახურება 1000%-ით და როგორი უსინდისობაც მისი დაპატიმრებაა, ისეთივე და არანაკლები უსინდისობაა, რომ ახლა ის, რომ შტურმის დროს არავინ დაშავებულა მიიწერეს გომელაურმა და ღარიბაშვილმა",- თქვა ანზორ ბიწაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.