
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, "მთავარი" 21 თებერვლიდან პერიოდულად შემოგთავაზებთ ანექსიის დღიურს, რომელიც ასი წლის წინანდელი რუსული აგრესიის დღეებს გააცოცხლებს. მასალებში მოყვანილი ამბები დაფუძნებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დროს გამომავალ გაზეთ "ერთობის" სტატიებზე. ასევე, შემოგთავაზებთ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იმ მიმოწერის შინაარსსა და ციტატებს, რაც საქართველოს მთავრობისა და ბოლშევიკური რუსეთის წარმომადგენლებს შორის დეპეშების სახით იგზავნებოდა და ისტორიამ შემოინახა. მათ შორის ცნობილი და საინტერესოა ეთნიკურად ქართველ კრემლის მსახურებს შორის მიმოწერის შინაარსი.
გაზეთი ერთობა 1921 წლის 23 თებერვალს წერდა:
„ჩვენი ჯარის და გვარდიის ნაწილები აუწერელ გმირობას იჩენენ თფილისის თავდაცვაში. მართალია წინათაც სხვა ომებში ქართველი ლაშქარი თავდავიწყებით იბრძოდა, მაგრამ ეხლანდელთან შედარება მაინც შეუძლებელია...“
მოწინააღმდეგემ თავისი მარჯვენა ფლანგის გაძლიერება დაიწყო. ამ მიმართულებით მე-11 არმიის ცხენოსანი ნაწილები, მე-12 და მე-18 საკავალერიო დივიზიები გამოჩნდნენ. მტერმა ძლიერი იერიში მიიტანა ქართულ ნაწილებზე და ამის გამო, გენერალ ჯიჯიხიას ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს და ძველი, 21 თებერვლამდელი, პოზიციები დაიკავეს.
14 საათზე მოწინააღმდეგემ ქართველთა უკანდახევისას აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდი აღადგინა, რამაც დამატებითი ძალების (მათ შორის ტანკების) სწრაფი გადაადგილებისა და ჯავშანმატარებლების გამოყენების საშუალება მისცა. იმავე საღამოს ამ ჯავშანმატარებლებმა ქართულ პოზიციებთან მოახლოება სცადეს, მაგრამ ქართველ არტილერისტთა ზუსტი ცეცხლის გამო იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. საღამოს მოწინააღმდეგემ ტაბახმელას პოზიციებზე მიიტანა იერიში, რომელიც რამდენჯერმე მოიგერიეს.
მოამზადა ლაშა ბერულავამ