
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა ენმ-ის ლიდერისთვის შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრეს. ნიკა მელიას დღეს კიდევ ერთხელ ხვდება მისი ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი. მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დაპატიმრებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო.
"რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, დამოკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასამართლო. არსებობს რამდენიმე სასამართლო მექანიზმი, მათ შორის შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს ბერკეტის გამოყენება.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, არსებითი განხილვა არ დაწყებულა. როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა, გვაქვს იმედი, რომ ნიკა იქნება თავისუფლებაში მტკიცებულებათა გამოკვლევით კიდევ ერთხელ გახდება ნათელი, რომ სამართლებრივი საფუძველი ამ საქმეს არ გააჩნია და არის პოლიტიკური დაკვეთა",-თქვა კონდახიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა მათ ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.