მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებიდან რამდენიმე საათში აშშ-ს საგარეო უწყება ყოველდღიურ ბრიფინგს საქართველოზე და ნიკა მელიაზე საუბრით იწყებს. სახეწლმწიფო დეპარტამენტისთვის ქართული ოცნების ძალადობრივი ნაბიჯები ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
კითხვაზე განიხილება თუ არა სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ, ნედ პრაისი კონკრეტულ პასუხს არ სცემს, თუმცა ოცნების მთავრობას აფრთხილებს, რომ დრო არც ისე ბევრია და პოლიტიკური პატიმრები უმოკლეს ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.
მალევე კიდევ უფრო პირდაპირი გაფრთხილება ოცნებამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოდან მიიღო.გაათავისუფლეთ ნიკა მელია და გიორგი რურუა - წერია ორ პარტიულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლები აწერენ ხელს.
სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ქართულ ოცნებას აფრთხილებენ - შეწყვიტონ სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.
ქართველი ხალხის მიერ გაწეული მძიმე შრომა საფრთხეშია - ასე იწყება კონგრესმენების მორიგი წერილი, რომელსაც რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები აწერენ ხელს.
სახელისუფლებო პარტიის წევრები კი უკვე მეორე დღეა პარტნიორების გზავნილებს სათავისოდ თარგმნიან.