
საერთო-სახალხო პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს - ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ კარავი გაიშალა წარწერით "ზუგდიდი".
სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებმაც პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და ღამისთევის გრაფიკი გაწერეს, უკვე სამეგრელოდანაც შეუერთდნენ.
როგორც აქციის ერთერთი მონაწილე ირაკლი ჩხვირკია "მთავართან" ამბობს, კარვის გაშლის დროს პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ, მაგრამ არ დანებდნენ და კანონის კონკრეტულ მუხლებში გაწერილი, რომელიმე შენობის წინ კარვის გაშლის აკრძალვის დასახელება სთხოვეს, ამის შემდეგ კი პოლიციელები გაეცალნენ.
"ვუერთდებით საერთო-სახალხო პროტესტს - როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა დადო, ასე რომ, წინააღმდეგობა შეუქცევადი და მასშტაბური იქნება - ჩვენ სწორედ იმ მოთხოვნებს ვუერთდებით, რასაც ოპოზიცია აყენებს. ესენია: ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების დაწყება, მოლაპარაკების დაწყება ვადამდელ არჩევნებზე", - თქვა ირაკლი ჩხვირკიამ "მთავარ არხთან" საუბარში.
მომდევნო დღეებში აქტივისტებს სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ელოდებიან.