ანექსიის დღიური,25.02.1921: "წითელი ნიაღვარი უახლოვდება ტფილისს, მისი საათები დათვლილია"

გამოქვეყნდა:

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, "მთავარი" 21 თებერვლიდან პერიოდულად შემოგთავაზებთ ანექსიის დღიურს, რომელიც ასი წლის წინანდელი რუსული აგრესიის დღეებს გააცოცხლებს. მასალებში მოყვანილი ამბები დაფუძნებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დროს გამომავალ გაზეთ "ერთობის" სტატიებზე. ასევე, შემოგთავაზებთ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული იმ მიმოწერის შინაარსსა და ციტატებს, რაც საქართველოს მთავრობისა და ბოლშევიკური რუსეთის წარმომადგენლებს შორის დეპეშების სახით იგზავნებოდა და ისტორიამ შემოინახა. მათ შორის ცნობილი და საინტერესოა ეთნიკურად ქართველ კრემლის მსახურებს შორის მიმოწერის შინაარსი.

1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა, რის გამოც, მთავრობამ დედაქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 25 თებერვალს თბილისი დაეცა - წითელი არმიის მრავლრიცხოვანმა კონტინგენტმა დედაქალქს თითქმის ყველა მხრიდან შემოუტია.

სერგო ორჯონიკიძე, რომელიც თბილისის აღებისა და წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტის ბოლშევიკურ აჯანყებად შეფუთვის ინიციატორი იყო, ცნობილი დეპეშის გაგზავნას კრემლში უფრო ადრე გეგმავდა, მაგრამ იმ დიდი წინააღმდეგობის გამო, რასაც იუნკრები და სხვა მეომრები წითელ არმიას უწევდნენ, დროშის აფრიალება თბილისის თავზე და ამის თაობაზე მოსკოვში დეპეშის გაგზავნა ცოტა ხნით გადაიდო.

დეპეშების ქრონიკა:

15 თებერვალი,1921, ორჯონიკიძე, ელიავა - ლენინს, სტალინს: "ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთაწინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ გვექნება. ქართული არმიის მორალური მდგომარეობა დაბალ დონეზეა. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს."

16 თებერვალი, 1921, "სტალინი ორჯონიკიძეს: "ეხლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე,დასტურია, აიღე ქალაქი."

18 თებერვალი 1921 წ. ორჯონიკიძე - სტალინს. "ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები, შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ...

და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ... და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიის ღრეობის ამ საძულველ კერას. თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის დიქტატურის წითელი დროშა."

იმ დღესვე ვერა, მაგრამ ერთი კვირის თავზე თბილისის თავზე მართლაც, გაჩნდა საბჭოთა დროშა. და სწორედ იმ დღიდან, ქვეყნის ბედის ბორბალიც უკუღმა ტრიალებს. 

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

მოამზადა ლაშა ბერულავამ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი